საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე დააკავა

0
650

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე პაატა მჭედლიძე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ყალბი მინდობილობა დაამზადა, რომელიც თითქოს გაცემული იყო ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ზვოლეში.
“აღნიშნული ყალბი დოკუმენტით მჭედლიძე ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა უფლება, განეკარგა ეგვიპტის მოქალაქეების კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთები. გაყალბებული დოკუმენტაციით ბრალდებულმა მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ გაასხვისა დიდი დიღმის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება და თაღლითურად დაეუფლა 80 000 აშშ დოლარს”, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პაატა მჭედლიძემ ანალოგიური თაღლითური სქემით და გაყალბებული დოკუმენტებით სცადა საბერძნეთისა და ეგვიპტის მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი დიღმის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ჩუქების ხელშეკრულებით, შემდგომში გაყიდვის მიზნით, თუმცა საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის მორიგი მცდელობა აღკვეთა და ბრალდებული დააკავა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here