პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

0
613

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის  თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდნენ, რომელსაც ბუნდესტაგის დეპუტატი კლაუს-პეტერ ფლოსბახი  ხელმძღვანელობს. საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს გერმანიის ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის” (IPS) პროგრამისათვის მონაწილეთა შერჩევა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ განაცხადა, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო და ქართულმა მხარემ სტუმრების მხრიდან ბევრი შემოთავაზება მიიღო.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტსა და ბუნდესტაგს შორის თანამშრომლობის ეს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქართველი სტუდენტების შერჩევას ბუნდესტაგში პრაქტიკის, სტაჟირების გავლისთვის, სადაც ისინი ეცნობიან გერმანელი დეპუტატების საქმიანობას, უშუალოდ მათი ბიუროების საქმიანობას და ზოგადად, ბუნდესტაგში მათი საქმიანობის პოლიტიკურ ნაწილს. ამ პროგრამით, სტიპენდიანტები სამეცნიერო მუშაობის შესაძლებლობასაც იღებენ. მათ შეუძლიათ დაესწრონ წამყვან უნივერსიტეტებში ლექციებს, ითანამშრომლონ ბუნდესტაგის სამეცნიერო დეპარტამენტთან და შემდგომ აქტიურად იყვნენ ჩართული გნებავთ საქართველოს პარლამენტის მუშაობაში თუ ზოგადად, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა უკვე წლებია გრძელდება და გერმანულ მხარეს მისი გაფართოების სურვილი აქვს, განსაკუთრებით კი, საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ბუნდესტაგის სამეცნიერო დეპარამენტთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

„მათ საპარლამენტო მუშაობაში სწორედ მეცნიერების ჩართვის და კონკრეტულ კანონპროექტზე მუშაობისას სამეცნიერო დასკვნების მომზადების უნიკალური გამოცდილება აქვთ, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომი მოწვევის პარლამენტში მათი შემოთავაზება უნდა გამოვიყენოთ და გავაძლიეროთ ჩვენი კვლევითი დეპარტამენტი. დეპარტამენტის თანამშრომლებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ შესაბამისი დანაყოფის საქმიანობას ბუნდესტაგში. ზოგადად, შეიძლება ფუნქციებიც კი, უფრო მეტად გავუღრმავოთ ამ სამსახურს იმისთვის, რომ უფრო მეტი იყოს მათი ჩართულობა თუ გნებავთ საკანონმდებლო პროცესში თითოეული დეპუტატისთვის დახმარების გაწევის თვალსაზრისით, ვგულისხმობ მათ მიერ მომზადებულ სამეცნიერო დასკვნებს და დოკუმენტების ხარისხს, რომელსაც ისინი ამზადებენ“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აზრით, კარგი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტშიც მოხდება გერმანელი სტუდენტების სტაჟირებაზე მოწვევა და პროგრამა გაცვლითი სახის გახდება. „ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, არამედ იგივე სახალხო დიპლომატიის და განათლების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას. ზოგადად, ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებისთვის, ასეთი ტიპის პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორივე მხრიდან საკანონმდებლო ორგანოა ჩართული“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, სტუმრების მხრიდან ბევრი შემოთავაზება იყო და მთვარია, რომ „ჩვენ ეს ეფექტურად გამოვიყენოთ და ჩვენი მხრიდანაც იყოს თანამონაწილეობა და ჩართულობა ამ ტიპის პროექტებში“.

მანანა კობახიძის თქმით, დელეგაციაში იყო არა მხოლოდ ბუნდესტაგის წარმომადგენელი დეპუტატი, არამედ ბუნდესტაგის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აგრეთვე, ჰუმბოლდტის უნივერსისტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, „რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთვისაც განათლების სფეროში პრიორიტეტი და წახალისებულია სწორედ საბუნებისმეტყველო და ტექნოლიგიური მიმართულებები“.

გერმანიის ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის” (IPS) პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს 41 ქვეყნიდან 120 სტიპენდიატს 2017 წლის პირველი მარტიდან 31 ივლისამდე შესაძლებლობა ექნება, გერმანიის ბუნდესტაგის მიერ სრულად დაფინანსებული სტიპენდიის ფარგლებში გაეცნოს გერმანიის საპარლამენტო სისტემას გერმანიის ბუნდესტაგში. პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

პროგრამას პატრონაჟს უწევს გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე და იგი ხორციელდება ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here