თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა

0
593

დედაქალაქის მერიის ინფომაციით, ახალი ავტობუსები, რომლებიც თბილისში სულ მალე, შორ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებში ივლის, გერმანული კომპანია Man Truck and Bus AG-ის  ქარხნებში ეწყობა. თბილისის მერი დავით ნარმანია პროცესის პირადად გაცნობის მიზნით, გამთენიისას პოლონეთში გაემგზავრა.

„ადგილზე ვნახავთ ავტობუსების დამზადების პროცესს. ვეწვევით ორ ქარხანას, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. შევთანხმდებით მიწოდების გეგმა გრაფიკზე, ვნახავთ იმ ტექნიკურ პარამეტრებს, რაზეც ვართ შეთანხმებულნი Man-ის ქარხანასთან. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში კრინიცაში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც სიტყვით გამოვალ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ ბოლო პერიოდში განხორციელებულ იმ ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია საზოგადოების ჩართულობასთან გადაწყვეტილების მიღების  პროცესში და ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერთან ერთად, პოლონეთის რესპუბლიკაში მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ქართული დელეგაციის წევრები ადგილზე ორ ქარხანას ეწვევიან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, დავით ნარმანია და ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობას მიიღებენ რიგით 26-ე ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრინიცა-ზდრუიში 6-დან 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა თემატურ პანელებზე სიტყვით გამოსვლები, კერძოდ, დავით ნარმანია ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება პანელზე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამედროვე და სამომავლო მოდელებზე, ასევე, არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრებენ. ირაკლი ლექვინაძე კი პანელზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამომავლო ურთიერთობებსა და ორი ქვეყნის ევროპასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას შეეხება დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს და დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების, ასევე, ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური დინამიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. თბილისის მერის პოლონეთში ვიზიტი 8 სექტემბერს დასრულდება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here