დავით უსუფაშვილი – ვინც არ უნდა გახდეს აშშ-ს მომდევნო პრეზიდენტი, საქართველოსთან ურთიერთობები გააქტიურდება

0
616

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის აზრით, ვინც არ უნდა გახდეს აშშ-ს მომდევნო პრეზიდენტი, საქართველოსთან ურთიერთობები გააქტიურდება.

„ჩვენ ველით ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გააქტიურებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა გახდეს ახალი პრეზიდენტი. მე მაქვს ჩემი პოზიციები, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ვინც არ უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჩვენ ვნახავთ უფრო მეტად გააქტიურებულ ურთიერთობებს საქართველოსთან. ამის დასკვნის საფუძველს ჩვენ გვაძლევს ის ვითარება, რაც არის კონგრესში, სენატში, ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბში, ბანაკებში, რომლებთანაც ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ, როდესაც მე ვამბობ, რომ საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს, ნატო-ში გაწევრიანების პროცესის პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსებაზე, ეს არ არის უბრალოდ სურვილი. ეს არის არსებული ვითარების  ანალიზი. საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები რაც შეიძლება მეტი, ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება საქართველოს და საქართველოსნაირი პარნტიორები იმისთვის, რომ  მსოფლიოში მიღწეული   იყოს სტაბილურობა და მშვიდობა. ეს სჭირდება ჩვენი რეგიონის საერთო უსაფრთხოებას. მე ამ რეზოლუციას და ამ განცხადებებსაც განვიხილავ როგორც ნოყიერ ნიადაგს ამ წამოწყების რეალიზებისთვის. რა თქმა უნდა, დიდი გზააა გასავლელი, მეორე მხრივ, ვთვლი, რომ ამ მიმართულებით მუშაობას სერიოზული პერსპექტივა აქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნატო-ში გაწევრიანების პარალელურად“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს უთხრა, რომ საქართველოს და ნატო-ს სჭირდება გარკვეული შემოქმედებითი, ინოვაციური მიდგომები ცნობილი პრობლემებისადმი, ვინაიდან ვითარება არის ისეთი, როდესაც ჩვეულებრივი გზებით და საშუალებებით პროცესის გაგრძელება არაადეკვატურია. ამ თვალსაზრისით, უსუფაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიეთობების გაღრმავება ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here