პრემიერის გამოსვლა OGP-ის ღონისძიებაზე

0
602

ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო, ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესში ხელისუფლების ყველა შტოს ეფექტიანი მონაწილეობის მისაბაძი მაგალითია, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, პარტნიორობის დაარსებიდან, საქართველომ, გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
“ჩვენ ერთად მივაღწიეთ პარტნიორობის წარმატებას”, – მიმართა პრემიერმა დელეგატებს და საქართველოში, ღია მმართველობის პარტნიორობის ეგიდით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
“ჩვენ წამოვიწყეთ ინფორმაციის თავისუფლების რეფორმა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ღია მონაცემებზე და ეროვნული არქივების ხელმისაწვდომობაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობამ ასევე საფუძვლიანი ცვლილებები შეიტანა საჯარო მომსახურებაში.

“შევქმენით ქონების დეკლარაციების მონიტორინგის ეფექტიანი სისტემა. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ საჯარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. საქართველოში ჩემი დაბრუნებისთანავე, ჩვენი კაბინეტი დაამტკიცებს საქართველოს მესამე ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელიც მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესსექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეთა ჯგუფების ინტენსიური თანამშრომლობის შედეგია. გარდა ამისა, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ღია მმართველობა – საქართველოს ფორუმს – დიალოგის პერმანენტულ მექანიზმს, რომელიც ღია მმართველობის რეფორმების განხორციელების ხელშესაწყობად თავს უყრის მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოს წარმატებას განაპირობებს ყველა დონეზე სახელისუფლო ძალისხმევის ერთობლივი შემოქმედებითი პროცესი და ამ ძალისხმევის ინკლუზიური ხასიათი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება მოხარულია, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის საზოგადოება საქართველოს ძალისხმევას აღიარებს.
“გასულ წელს, მექსიკაში, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტზე, საქართველომ, ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშესაწყობად თავდაუზოგავი შრომისთვის, ღია მმართველობის პარტნიორობის გამარჯვებულის ჯილდო მიიღო. გარდა ამისა, საქართველო, საფრანგეთთან ერთად, არჩეულ იქნა პარტნიორობის თანათავმჯდომარედ. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას გიხდით ასეთი დიდი ნდობისთვის, ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში”, – მიმართა პრემიერმა ღონისძიების მონაწილეებს.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ყველას აქვს წარმატების ისტორიები, თუმცა მათზე გაჩერება დაუშვებელია; საჭიროა ახალი გამოწვევის დადგენა და მომდევნო 5 წელზე დაფიქრება.
“ამისთვის კი საჭიროა, მივუბრუნდეთ დასაწყისს. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რატომ შეიქმნა ეს პლატფორმა – მისი მიზანია ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, არცთუ ბევრმა ადამიანმა იცის ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ, ისინი არ იცნობენ მის საქმიანობას, მიზნებსა თუ ამოცანებს. ღია მმართველობის პარტნიორობის ეროვნული სამოქმედო გეგმების ანალიზი ცხადყოფს, რომ წევრი მთავრობების მიერ აღებული ვალდებულებების დიდი ნაწილი დაკავშირებულია თავად მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან, ასევე მონაცემთა ხელმისაწვდომობასა და ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან. იგრძნობა სამოქალაქო, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები, ანუ ის, რასაც ბევრად მეტი გავლენა აქვს ჩვენს მოქალაქეებზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სამომავლო წინსვლისთვის, აუცილებელია რამდენიმე საკითხის გათვალისწინება – როგორ დაიგეგმოს მომდევნო 5 წელი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები; კონკრეტულად რა სახის ზომების მიღებისთვის არიან ქვეყნები მზად, რათა გააფართოონ თვალთახედვა და ღია მონაცემებისა და ღია ბიუჯეტის სფეროებიდან, სექტორებზე დაფუძნებული მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და მომსახურების მიწოდებაზე გადაინაცვლონ; ასევე, როგორ შეიკრას უკუკავშირის წრე.

“საქართველოში, მეორე სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულმა საჯარო კონსულტაციებმა კვლავ ცხადყო, რომ საჯარო მომსახურების ხარისხი ბევრად მაღალია, როცა ჩვენს მოქალაქეებთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ ახალი პროექტი სახელწოდებით „მომხმარებლის ხმა”, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კომუნიკაციას მოქალაქეებთან იუსტიციის სახლებში მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ყველა მოქალაქეს მივაწვდით ინფორმაციას იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ვგეგმავთ მათი შენიშვნებისა და წინადადებების საპასუხოდ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ღია მმართველობის პარტნიორობის მიღწევებსა და სტრატეგიულ გეგმებს კარგად აცნობიერებენ ისინი, ვინც იცნობს პარტნიორობის საქმიანობას, მაგრამ ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის დღესაც შედარებით ნაკლებად არის ცნობილი.

მისივე თქმით, ამ გამოწვევისთვის საქართველო, როგორც პარტნიორობის თანათავმჯდომარე, მზად არის.
“ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიოში ღია მმართველობის პარტნიორობის გზავნილის გავრცელება და მიტანა ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობამდე, მომდევნო წლებში უნდა გახდეს ლიდერების პრიორიტეტი. ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ხელში, რომლითაც ისინი თავიანთი ხელისუფლებისგან მოითხოვენ კიდევ უფრო ღია სტრატეგიებს, რომლებიც მათ საჭიროებებს ეხმაურება. მისასალმებელია, რომ ღია მმართველობის პარტნიორობას უკვე 70 ქვეყანა შეუერთდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი პარტნიორობის მე-5 წლისთავზე, უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და ამბიციები, რათა კიდევ მეტი ქვეყანა ჩაერთოს პარტნიორობაში და ამით გაიზარდოს მისი გავლენა. საქართველო ითანამშრომლებს საფრანგეთთან, რათა ახალ წევრებს განუმარტოს ღია მმართველობის მნიშვნელობა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოება მომავალშიც იყოს მთელს მსოფლიოში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის განუყოფელი ნაწილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამოქალაქო სივრცე ბევრ ქვეყანაში დაკნინების გზაზეა. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, თავის თავზე აიღონ და შეასრულონ შესაბამისი ამბიციური ვალდებულებები, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს ამისთვის საკმარისი რესურსები. ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ ვალდებულებების აღება, მათი წარმატებული განხორციელებისათვის, ყოველთვის საკმარისი არ არის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის მომდევნო სამიტის შესახებ ისაუბრა, რომელიც დეკემბერში პარიზში გაიმართება და რომლის ფარგლებშიც მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები მთელი მსოფლიოდან მხარს დაუჭერენ გრძელვადიან ცვლილებებს.

“ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ღია მმართველობის პარტნიორობის ეს სამიტი ერთმანეთისგან ცოდნის მიღებისა და ახალი დადებითი ცვლილებების გატარების შესაძლებლობად ვაქციოთ, რათა ხელი შევუწყოთ ისეთ კონკრეტულ პოლიტიკურ ზომებს, რომლებიც წვლილს შეიტანს ღია მმართველობის დღის წესრიგის განხორციელებასა და ჩვენი საერთო ამბიციების მასშტაბის გაფართოებაში. ღია მმართველობის პარტნიორობამ გადამწყვეტ ეტაპს მიაღწია. მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთად კიდევ მეტ წინსვლას შევძლებთ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here