მამუკა ხაზარაძე – თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი, სერიოზული დავა იქნება

0
154

ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი, ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ანაკლიის პროექტიდან მისი წასვლის შემთხვევაში, შეფერხდება თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა, მამუკა ხაზარაძე პასუხობს:

„რა თქმა უნდა. პირდაპირ გეუბნებით: ისე არ მოხდება, რომ ჩვენ ოფისიდან გავალთ და ვიღაც ჩაგვანაცვლებს. ერთი მხრივ, ახმელა სახელმწიფო მანქანა გვიტევს, მეორე მხრივ კი გვეუბნებიან, ბანკებთან რატომ არ ხურავთ დროზე მოლაპარაკებებსო. ბანკებს კი თავისი მოთხოვნები აქვთ სახელმწიფოსთან.

არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. სამშენებლო გრაფიკისთვის ერთი დღითაც არ გადაგვიცდენია, როცა დავინახე, რომ ბანკებთან მოლაპარაკება არა ჩვენ გამო, არამედ მათივე მოთხოვნების გამო გადაიწია, ავიღეთ და 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვახდინეთ, რომ არ ჩამოვრჩენოდით მშენებლობის გრაფიკს. ღმერთმა დაიფაროს და ხვალ რომ არ გამოვიდეს რაღაცის გამო მოლაპარაკება, ან გაჭიანურდეს, ჩვენთვის ეს ხომ რისკია?! და ამ დროს სახელმწიფო გამოდის და გვეუბნება შენ ვერ შეასრულე რაღაც, წადი სახლში და აწი მე გავაგრძელებო. სწორია, რომ ჩვენი მთელი ენერგია ინტერვიუებსა და ინვესტორების დაწყნარებაზე მიდის? ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ საქმე სწრაფად გამოიძიონ. რვა თვე რით ვერ გაარკვიეს ფულის გათეთრება იყო თუ არა. როცა ერთ დღეში „გაარკვიეს“ მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ სურს და აცხადებს, რომ რადგან ივანიშვილმა დაიწყო ამის შესახებ საუბარი უმჯობესია თავად ის მოყვეს თუ რატომ შედგა შეხვედრა და ვინ ესწრებოდა მას.

„მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა თქვა, ჰკითხეთ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, რა ხდებოდა შეხვედრაზეო, მაინც ვფიქრობ, რადგან მან დაიწყო საუბარი, აჯობებს თავად მოჰყვეს, რატომ შედგა შეხვედრა და ვინ ესწრებოდა მას.“- განაცხადა ხაზარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე რატომ აცხადებს ივანიშვილი, რომ ჩხარტიშვილმა მას 100:0 მოუგო, ხაზარაძემ უპასუხა რომ მას მათთან კალათბურთი არ უთამაშია და არ იცის:

„არ ვიცი, კალათბურთი არ მითამაშია. მოვა დრო და თუ არ იტყვიან, მე ვიტყვი. იმდენ საკითხზე ვილაპარაკე და არაფერზე პასუხი არ მიმიღია. პოლიტიკოსები მაბრალებენ, რომ თურმე რაღაცების გადაფარვას ვცდილობ. რას ნიშნავს გადაფარვა?! მოვყევი ის, რაც გადამხდა და გინდა ენკი-ბენკი დაარქვან, გინდ წერილი თუ სიხარული. ასეთ არასერიოზულ თემებზე სურთ ყურადღების გადატანა. ძალიან ცუდი მიმართულებით მიდიან, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია და ვერაფერს მიაჩუმათებენ. არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ: ან დაადგინონ ჩემი ბრალეულობა, ან შეწყვიტონ საქმე. ამ ყველაფერმა სერიოზულად დააზიანა ქვეყნის იმიჯი. ამაზე იფიქრონ და არა იმაზე, რომელიღაც შეხვედრას ვინ ესწრებოდა.“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here