პოლონეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის სპიკერ მარეკ კუჩინსკის შეხვდა.
მარეკ კუჩინსკის განცხადებით განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და პოლონეთი გეოგრაფიულად საკმაოდ არიან ერთმანეთისგან დაშორებულნი, ორ ქვეყანას საერთო ინტერესები აახლოებს.
მისივე თქმით, პოლიტიკოსების ვალია, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურება. როგორც მარეკ კუჩინსკიმ შეხვედრაზე აღნიშნა, პოლონეთი საქართველოსთან ურთიერთობის ყველა მიმართულებით გაღრმავებითაა დაინტერესებული და აქტიურად აგრძელებს საქართველოს საგარეო პრიორიტეტების მხარდაჭერას, მათ შორის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.
მისივე განცხადებით, პოლონეთი მოწადინებულია, რომ საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს.
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალის თქმით, საჭიროა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, გამოინახოს ახალი ინიციატივები და გადაიდგას ნაბიჯები, რათა ფორმატისგან მისმა მონაწილე ქვეყნებმა მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. მარეკ კუჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
თავის მხრივ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსები ყოველთვის იყენებენ პოლონელ კოლეგებთან შეხვედრისა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ საუბრის შესაძლებლობას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთის სეიმის მარშალს სეიმში არჩევა მიულოცა, თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ახალი მთავრობის პირობებში, პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებაც. დავით უსუფაშვილის თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში დასახული მოკლევადიანი მიზნები საქართველომ წარმატებით შეასრულა, რაზეც ვიზალიბერალიზაციის შესახებ დადებითი დასკვნაც მეტყველებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი პროგრესის მიღწევაა საჭირო. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველო იმედოვნებს, რომ ვარშავის სამიტი ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ პოლონეთი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს, რისთვისაც მან სეიმის სპიკერს მადლობა გადაუხადა.
„შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზეც და შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის პარლამენტის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოსა და პოლონეთისთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხზე, პერიოდულად ღონისძიებები გაიმართება, სადაც, პოლიტიკური ექსპერტები ორი ქვეყნის ურთიერთობებისა და კოორდინაციის სხვადასხვა მექანიზმის შესახებ იმსჯელებენ“, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.