„ევროპულმა საქართველომ“ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

0
614

„ევროპული საქართველო“ თიბისი ბანკთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება უკვე დაწყებულია.

„ჩვენ დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ. უკვე უმცირესობის წევრების ხელმოწერები გვაქვს. ორი ძირითადი მიზეზია, თუ რატომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია „თიბისი ბანკთან“ და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით. პირველი, ეს გახლავთ ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმე. „თიბისი ბანკი“ წარმოადგენს ამ ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს, ხოლო ანაკლიის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის და უსაფრთხოებისთვის. ამიტომ თემა, რომელიც უკავშირდება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს, უნდა იყოს საპარლამენტო კომისიის განხილვის საგანი. მეორე – ბრალდებები, რომელიც მოვისმინეთ გუშინ მამუკა ხაზარაძისგან, წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ბრალდებებს მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ეს არის გაჟღერებული საკითხები, რომლის მიხედვითაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები პირდაპირ მონაწილეობენ ბიზნესზე ზეწოლაში, შანტაჟში, ბიზნესის გამოყენებისთვის საარჩევნო მოსყიდვისთვის. ეს არის თემა, რომელზეც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პარლამენტი უფლებამოსილია შექმნას საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა ბაქრაძემ.

დეპუტატი აცხადებს, რომ თუ უმრავლესობა საკუთარი და აღმასრულებელი ხელისუფლების სიმართლეში დარწმუნებულია, საგამოძიებო კომისიის შექმნით მათთვისაც ამ სიმართლის დადგენა ერთადერთი გზა უნდა იყოს.

„კომისიის შექმნაზე უარი ხაზარაძის გუშინდელი განცხადების შემდეგ ცალსახად აღიქმება, როგორც სიმართლის გამოუძიებლობისა და მიჩქმალვის მცდელობა, რაც მამუკა ხაზარაძის სიმართლის დადასტურება იქნება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.