სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილა. მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.
უწყების ინფორმაციით, საბჭომ საკითხი 11 აპრილს განიხილა და გადაწყვეტილების შესახებ მსჯავდებულს უკვე აცნობა.
უდოს კომისიას ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის ხელახლა განხილვა 25 თებერვალს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა იუსტიციის სამინისტროს აპრილის თვის ბოლოს ეწურებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიმართ საერთო სასამართლოებს რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო ზომად ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ეს ვადა კი 2020 წლის თებერვლის ბოლოს იწურება.