ვაშინგტონი კუბას სანქციებს შეუმსუბუქებს

0
1854

აშშ-მ კუბის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთხელ შეამსუბუქა. ამის შესახებ CNBC აშშ-ის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, გაუქმდა შეზღუდვები სატრანსპორტო, სატელეკომუნიკაციო, ინტერნეტისა და ფულადი გადარიცხვების კუთხით.
“დღევანდელი განცხადება კუბელი ხალხისთვის ცვლილებებს შეუწყობს ხელს”, – განაცხადეს აშშ-ის ხაზინაში.
ოფიციალურ ვაშინგტონსა და ჰავანას შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დათბა. აშშ-მ ჰავანაში და კუბამ ვაშინგტონში საელჩოები კვლავ გახსნა. კუბასა და აშშ-ს შორის დიპლომატიური კავშირები 1961 წლის შემდეგ გაყინული იყო, მაშინ როდესაც ვაშინგტონმა კუბასთან სავაჭრო კავშირები გაწყვიტა და ემბარგო დააწესა. 2014 წლის ბოლოს კი კუბამ და აშშ-მ კავშირების აღდგენა გადაწყვიტეს. აპრილში აშშ-ს პრეზიდენტმა კუბა ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღო. რამდენიმე თვის წინ კი ობამასა და კუბის ლიდერ რაულ კასტროს შორის ისტორიული შეხვედრაც შედგა.