კომპანიები, რომლებიც არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ

0
1075

კომპანიები, რომლებიც ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, 10 თეთრის ოდენობით სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ციტრუსის სეზონის დაწყების თაობაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ციტრუსის მოსავალი წელს, გასულ წელთან შედარებით, 40 პროცენტით მეტია. გაუმჯობესებულია ლოჯისტიკური მდგომარეობა. დამატებულია სატრანსპორტო საშუალებები, რის გამოც, ექსპორტი უფრო შეღავათიანი პირობებით იქნება შესაძლებელი. ქართული ციტრუსი ექსპორტზე უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, სომხეთში და აზერბაიჯანში გავა.

მისივე ცნობით, პროცესში ჩაერთვება სამი-ოთხი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა.
სამინისტროს ინფორმაციით, ნარინჯისფერი რთველი უახლოეს დღეებში დაიწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი (არასტანდარტული) მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას განახორციელებენ. სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის მსგავსად პროექტის ფარგლებში კომპანიები, რომლებიც ერთ კილოგრამ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთნილ მანდარინს, არანაკლებ 0,20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან ერთ კილოგრამ მანდარინზე 0,10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. ამას გარდა, კომპანიებს საშუალება აქვთ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის საბრუნავი კომპონენტის ფარგლებში კრედიტი აიღონ, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე წელს, ციტრუსის სავარაუდო მოსავალი 100 ათას ტონაზე მეტი იქნება. მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია, სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება. ამასთან, „ნარინჯისფერი რთველის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ბათუმში სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობაში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება. 9.00-დან 21.00 საათამდე იმუშავებს ცხელი ხაზი – 2-47-01-01.