პროექტის “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა” ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის შსს-ს აკადემიაში სტრატეგიული მართვისა და კომუნიკაციის განვითარების საკითხებზე ოთხდღიანი ტრენინგი გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციით, სწავლებაში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ტრენინგზე სტრატეგიული მენეჯმენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა კომუნიკაციის, მიზნობრივი ჯგუფების და პოლიციის ცნობადობის გაზრდის საკითხები განიხილეს. სწავლებას ლიტველი ექსპერტები უძღვებოდნენ.
პროექტი “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა” 2014 წლიდან, ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება. იგი ევროკავშირთან თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაციასა და ჰარმონიზაციას ითვალისწინებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.