ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში გატარებული რეფორმების მასშტაბურობამ და მოძრაობის ტემპმა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან გუშინ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ჩვენ ვიხილეთ ნამდვილად ძალიან თბილი სტუმართმოყვარეობის მაგალითი გუშინ და დღეს. საქართველოში უკვე მეოთხედ ჩამოვიდა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ მნიშვნელობისა, რომელსაც ვანიჭებთ საქართველო-ნატო-ს ურთიერთობას”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებითვე, საქართველო აგრძელებს ფუნდამენტური რეფორმების გატარებას.
”ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა ამ რეფორმების მასშტაბურობამ, მოძრაობის ტემპმა იმ რეფორმების განხორციელებაში, რაც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის და თქვენი ძალისხმევის რეალიზაციაში, რომელიც ალიანსის წევრობისკენაა მიმართული. აღნიშნული რეფორმები უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, მაგრამ იგი მას ამზადებს ნატო-ს წევრობისთვის. აღნიშნულს დრო ესაჭიროება, მოითხოვს მოთმინებას, მაგრამ ჩვენ ვალდებულება გაგვაჩნია, დაგეხმაროთ ამ გზაზე ნატო-საქართველოს კომისიის ჩართულობით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით. ჩვენ გვყავს ექსპერტები საქართველოში, რომლებიც იძლევიან კონსულტაციებს კიბერუსაფრთხოების, სამხედრო დაგეგმარების და სხვა მიმართულებით, ჩვენ ერთობლივი წვრთნებს ვატარებთ”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნატო პრაქტიკულ დახმარებას უწევს საქართველოს.
გენერალური მდივნის თქმით, ახლა უკვე მეტი ნატო-ა საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატო-ში, რაც სასარგებლოა როგორც ნატო-სთვის, ისე საქართველოსთვის.
”ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს. ნატო ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას კანონის უზენაესობას და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ ვაკვირვებით სიტუაციას თქვენს ქვეყანაში. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაცია არ უმჯობესდება. ვარშავის სამიტზე ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ სრული ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებისადმი”, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.