დასავლეთის ქვეყნების მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში 2 დღეში ნახევარ ევროპას დაიპყრობდა. „მე რომ მესურვა რუსეთის ჯარი ორ დღეში არამარტო კიევს, არამედ რიგას, ვილნიუსს, ტალინს, ვარშავასა და ბუქარესტსაც აიღებდა“ – მოყავს პუტინის ციტატა გავლენიან გერმანულ გაზეთს Sueddeutsche Zeitung.
გამოცემის ცნობით, პუტინთან საუბრის შენაარსზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრის დროს ისაუბრა. თავად ბაროზოსთვის ეს სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო, რადგან პუტინმა პირველად სწორედ მასთან საუბრის დროს დაიტრაბახა, რომ კიევის 2 კვირაში აღება შეუძლია.
როგორც Sueddeutsche Zeitung წერს პოროშენკომ პუტინის სიტყვები იმის საიულუსტრაციოდ მოიყვანა, თუ როგორ რეაგირებს პუტინი რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ევროკავშირის გავლენაზე.
აღსანიშნავია, რომ პუტინის მიერ დასახელებული ქალაქები ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებია.
შეგახსენებთ, რომ პირველად პუტინმა მსგავსი მუქარა 29 აგვისტოს ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს გააჟღერა. როგორც იტალიური გამოცემა „La Repubblica“- წერს. ბაროზუმ პუტინთან საუბრის შინაარსი ევროკავშირის სამიტზე გაამჟღავნა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა სამიტის წევრებს აცნობა, რომ სწორედ სამიტის დაწყების წინ ტელეფონით ესაუბრა ვლადიმერ პუტინს, რომელსაც პეტრო პოროშენკოს განცხადება შეახსენა და რუსული არმიის უკრაინაში შეჭრაზე პასუხი მოსთხოვა. ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, პასუხად პუტინი დაემუქრა და განუცხადა, რომ “სურვილის შემთხვევაში კიევს ორ კვირაში აიღებდა”.
სტატიის ავტორი მიიჩნევს რომ პუტინი გულისხმობდა „არ გამოიწვიონ მისი პროვოცირება ახალი სანქციებით“.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კრემლმა განაცხადა, რომ ბაროზოს საქციელი არაკორექტულია, ხოლო ციტატა კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. რუსეთმა ისიც კი განაცხადა, რომ მზადაა პუტინისა და ბაროზოს საუბრის მთლიანი ჩანაწერი გამოაქვეყნოს.