საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს 22 მარტს პლენარულ სხდომაზე ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას ენმ ავრცელებს.
„ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილი კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით, 25 იანვარს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ინტერპელაციის წესით, საპარლამენტო სესიაზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაიბარა.
ინტერპელაცია წარმოადგენს საპარლამენტო კონტროლის ახალ მექანიზმს. რეგლამენტის მიხედვით, ფრაქცია უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს მიმართოს კონკრეტული შეკითხვით. შეკითხვის ადრესტი კი, ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას.
რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება წელიწადში ოთხჯერ – საგაზაფხულო სესიის მარტისა და მაისის, საშემოდგომო სესიის სექტემბრისა და ნოემბრის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე 22 მარტს ელოდება, რათა პრემიერისგან მოისმინოს დასმულ შეკითხვაზე პასუხი, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი ზრდა“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.