2016 წლის 8–18 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ. დელეგაციის შორის იყო პროფესორი თამარ კიკნაძე რომელმაც ვიზიტის შესახებ გვიამბო.
თამარ კიკნაძის ნაამბობს უცვლელად გთავაზობთ:
“2016 წლის 8–18 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ჩვენი ვიზიტის დღის წესრიგი ძალზედ საინტერესო და დატვირთული იყო. პირველად ჩავფრინდით ჰიუსტონში და ვეწვიეთ თურქულ ცენტრს, ნასას და ჩრდილოეთ ამერიკის უნივერსიტეტს, სადაც გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორსა და თანამშრომლებთან. შეხვედრაზე მივიღეთ სრული ინფორმაცია უნივერსიტეტის ისტორიის, ფუნქციონირების, აკადემიური პერსონალის და სასწავლო პროცესის შესახებ, ჩვენმა პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები იქაური სტუდენტებისთვის. აქვე შევხვდით ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იქ სწავლობენ. გაფორმდა ხელშეკრულება ჩრდილოეთ ამერიკულ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესახებ, გადავიღეთ ფოტოები და გავცვალეთ სამახსოვრო საჩუქრები.
შთაბეჭდილებებით დატვირთული გავემგზავრეთ ნიუ–იორკში, სადაც დავესწარით თურქულ–ამერიკულ ბიზნეს ფორუმს, შევხვდით შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს და თურქ ბიზნესმენებს. შეხვედრებმა თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. კურსდამთავრებულები უნივერსიტეტში მიღებული უნარ–ჩვევების და ინგლისური ენის ცოდნის წყალობით, ბევრი ქართველი ემიგრანტისგან განსხვავებით, საკმაოდ კარგად არიან ადაპტირებული იქაურ გარემოს.
შემდეგი დანიშნულების ადგილი გახლდათ ვაშინგტონი, სადაც ასევე საინტერესო და დატვირთული გრაფიკი გვქონდა. ვეწვიეთ საქართველოს საელჩოს აშშ–ში, თურქულ–ამერიკულ ბიზნეს ფორუმს და ვირჯინიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (ვირჯინიის მომიჯნავე შტატია). უნივერსიტეტში მოხდა აზრთა ურთიერთ გაზიარება სწავლების მეთოდებისა და სასწავლო პროცესის შესახებ, ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთობების შესახებ ვირჯინიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტეტებს შორის.
თურქულ–ამერიკული ბიზნეს ფორუმი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. მას ესწრებოდნენ არა მარტო ბიზნესმენები, არამედ ამერიკელი კონგრესმენები, სენატორები, ჟურნალისტები და სხვ. შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორი – ილიას ჩილოღლუ სიტყვით წარდგა და დამსწრეთ ესაუბრა საქართველოსა და მისი როლის შესახებ რეგიონში მიმდინარე პოცესებში, რამაც იქ მყოფთა ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
ძალზედ საინტერესო იყო შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქართველოდან წასულ აზერბაიჯანელ კურსდამთავრებულებთან, რომლებიც იქ ლეგალურ საფუძველზე შრომობენ და საკმაოდ წარმატებულები არიან. ისინი თავიანთ სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევენ და სურთ მარნეულის რაიონში პროექტების განხორციელება, უნივერსიტეტს კი შესთვაზეს ბიბლიოთეკით უზრუნველყოფა და წარმატებული სტუდენტის აშშ–ში პრაქტიკის დაფინანსება.
საერთოდ ამ ათი დღის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა ბევრი კარგი ემოცია და სასარგებლო ინფორმაცია მივიღეთ, რასაც ჩვენი ჯგუფის თითოელი წევრის ხასიათის დადებითმა თვისებებმა და კომუნიკაციის კარგმა უნარმა შეუწყო ხელი. ამ ყველაფრისთვის თითოელ მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. მადლობას ვუხდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს ბ–ნ ილიას ჩილოღლუს, პრორექტორს – ილიას უსტუნიერს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბ–ნ ადემ ონალს– შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავ–რეს, იმ კომფორტისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობდით, მისი პიროვნული თვისებებისა და მოგზაურობის კარგი ორგანიზების გამო.”-განაცხადა თამარ კიკნაძემ.