შსს-მ ნარკოდანაშაულის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი დ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
“სამართალდამცველებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში გიორგი დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაჭრილი უნომრო თოფი, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას 8,63 გრ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი სროლისთვის ვარგისია. ნარკოლოგიური შემოწმებისას გიორგი დ-ს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.