ჰაკერებმა WhatsApp-ის აპლიკაციებზე მობილურსა და სხვა მოწყობილობებში დისტანციურად სადაზვერვო პროგრამის დაინსტალირება მოახერხეს.
როგორც BBC წერს, ამის შესახებ თავად WhatsApp-ში განაცხადეს.
უსაფრთხოების სისტემაში პრობლემა WhatsApp-მა 10 დღის წინ აღმოაჩინა, რის შემდეგაც კომპანიამ ამის შესახებ აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებსა და უსაფრთხოების ექსპერტებს შეატყობინა.
WhatsApp-ში განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე „კონკრეტული ტელეფონის ნომრების მფლობელები იყვნენ“.
BBC – ის ცნობით, თავდასხმა ისრაელში შექმნილმა კომპანიამ NSO Group -მა განახორციელა.
როგორც გამოცემა წერს, ჰაკერებმა ხმოვანი ზარის ფუნქცია გამოიყენეს, რომლის საშუალებითაც სათვალთვალო პროგრამა ტელეფონებში ჩაიტვირთა. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ტელეფონში იმ შემთხვევაშიც კი ხვდებოდა, თუ მომხმარებელი ზარს არ პასუხობდა.
კომპანიამ უსაფრთხოების სისტემაში არსებული პრობლემა უკვე აღმოფხვრა და მომხმარებლებს ურჩია, რომ აპლიკაცია ბოლო ვერსიით განაახლონ.