აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ადმინისტრაცია, სირიის პრეზიდენტის – ბაშარ ალ-ასადის მოსკოვში ვიზიტს აკრიტიკებს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის, ერიკ შულცის განცხადებით, მოსკოვი-დამასკოს ურთიერთობა სირიაში პოლიტიკური დარეგულირების პერსპექტივას საფრთხეს უქმნის.„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასადის თბილი მიღება, რომელმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, წინაღმდეგობაში მოდის სირიაში ვითარებისა პოლიტიკური გზით დარეგულირებასთან“ – განაცხადა შულცმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, კი მისთვის ასადის ვიზიტი მოულოდნელი არ ყოფილა.
“გასაკვირი არ არის, რომ ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ჩავიდა, თუ გავითვალისწინებთ რუსეთ-სირიის ურთიერთობას და ცოტა ხნის წინ დაწყებულ იმ სამხედრო აქტივობას, რომელსაც რუსეთი სირიაში ასადის ინტერესების დასაცავად ახორციელებს” – აღნიშნა კირბიმ.
სირიის პრეზიდენტი მოსკოვში 20 ოქტომბერს ჩავიდა, თუმცა მისი ვიზიტის შესახებ ერთი დღის შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრაზე ბაშარ ალ-ასადმა რუსეთს სირიის კონფლიქტში ჩარევისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი პოლიტიკური პროცესის გზით მოგვარდება.
მას შემდეგ, რაც 2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ეს არის ბაშარ ალ-ასადის პირველი ვიზიტი უცხოეთში.