აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი თანამშრომლობის და უსაფრთხოების სამმართველო ავრცელებს.
უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვა სურვილი შეეძინა ამ კომპლექსების 410 რაკეტა, სამიზნე და გამშვები მოწყობილობის 72 ბლოკი, 10 სასწავლო კომპლექსი და მათთვის 70 ჭურვი. გარდა ამისა, ამერიკელი სამხედროები ამ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების ტექნიკურ მომსახურებას და ტრანსპორტირებას განახორციელებენ.
„საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ხარჯზე იარაღის ეს მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას გააძლიერებს. შეიარაღების გაყიდვა რეგიონში არსებულ ძალების სამხედრო ბალანსს არ შეცვლის“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ გარიგება დასრულებული არ არის და მისი გადახედვა კონგრესს შეუძლია.