ბულგარეთში გამართულ ერთობლივ სამიტზე თურქეთი და ევროკავშირი ვერ შეთანხმდნენ

0
3600

ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ სამიტზე ევროკავშირმა და თურქეთმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„თუ მეკითხებით, მივაღწიეთ თუ არა კომპრომისებს და ვიპოვეთ თუ არა გადაწყვეტილებები, ჩემი პასუხია – არა. შემიძლია ვთქვა, რომ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება. ეს იყო გრძელი ჩამონათვალი“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ შეშფოთებულია თურქეთში კანონის უზენაესობის მხრივ შექმნილი მდგომარეობით.

სამიტზე საუბარი შეეხო თურქეთში ევროკავშირის მოქალაქეების დაკავებას, აფრინში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებსა და თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების მიერ კვიპროსის ეკონომიკურ ზონაში ზღვაში მდებარე გაზის საბადოებზე მიმდინარე სამუშაოების ბლოკირებას.

ვარნაში გამართულ შეხვედრამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა ანკარას მიზნად რჩება. ამავე დროს, მან ბრიუსელი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.