შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ეწვია და მეხანძრე-მაშველებს საბრძოლო ფორმები (სრული ეკიპირება – ფეხსაცმელი, რეზინის ბოტები, ტანსაცმელი, ჩაფხუტი), ასევე, სპეციალური დანიშნულების აირწინაღები, გენერატორები, წყლის ტუმბოები და ჰიდრავლიკური მაკრატლები გადასცა.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, აღნიშნული ეკიპირებით შსს-ს მეხანძრე-მაშველების სრული შემადგენლობა აღიჭურვა. თანამედროვე აღჭურვილობა ინციდენტებზე რეაგირების ხარისხს გააუმჯობესებს.
გიორგი მღებრიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს გარემონტებული შენობაც დაათვალიერა. ორსართულიანი შენობა 2015 წელს განახლდა, აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით. სამმართველოში 46 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 37 თანამშრომელი მუშაობს. ზუგდიდს 3 სახანძრო და 2 სამაშველო ავტომანქანა ემსახურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეგიონული სამმართველოების თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვას ეტაპობრივად ახორციელებს. შსს-ს მეხანძრე-მაშველებს ახალი, ყოველდღიური ფორმები უკვე გადაეცათ. 2015 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი შენობები გაიხსნა თელავში, ქობულეთში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში.
2016 წლის მანძილზე დასრულდება ამბროლაურის, ბაკურიანის, სტეფანწმინდის, გორის, ჭიათურის, ახალციხის, წალკისა და სხვა რაიონების სამმართველოების შენობების რეაბილიტაციაც.