საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, კობში გათვალისწინებულია 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის პროექტირება და მშენებლობა. ავტოსადგომი გათვლილი იქნება 680 მსუბუქი ავტომობილისთვის, 15 მიკროავტობუსისთვის და ხუთი ავტობუსისთვის. პროექტი ასევე ითვალისწინებს სველი წერტილებისა და კაფეტერიის, თხილამურების გაქირავებისა და შესანახი ოთახების მოწყობას.
დაბა გუდაურში დაგეგმილია მრავალფუნქციური ერთდონიანი 200 მანქანაზე და ორ ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სველი წერტილების, თხილამურების გაქირავებისა და შესანახი ოთახების მოწყობაც.
ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება ბაკურიანშიც. ტენდერი გამოცხადდა 1100 ავტომობილზე, მათ შორის 980 მსუბუქ ავტომანქანაზე, 80 მიკროავტობუსზე და 40 ავტობუსზე, გათვლილი ავტოსადგომის პროექტირება და მშენებლობაზე.
პირველ ეტაპზე განხორციელდება პროექტირების სამუშაოები, ხოლო შემდეგ ეტაპზე მშენებლობა.
სამივე ავტოსადგომი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და პიკურ პერიოდში დამსვენებელთა გაზრდილი რაოდენობის გამო კურორტებზე არსებული პრობლემების აღმოფხვრას.