დავით უსუფაშვილი: ყოველთვის არც ამერიკელები არიან აღფრთოვანებული, რა არჩევანსაც ქართველები ვაკეთებთ

0
1056

ყოველთვის არც ამერიკელები არიან ხოლმე აღფრთოვანებული იმით, რა არჩევანსაც ვაკეთებთ ჩვენ – ქართველები, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ჩვენთან სტრატეგიულ მეგობრობას აგრძელებენ, – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას გამოეხმაურა.

უსუფაშვილის შეფასებით, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის პირობებში უშუალოდ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რაიმე პრობლემა არ გაჩნდება, თუმცა მისი ვარაუდით, მოსალოდნელია გარკვეული გამოწვევები საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის სისტემაში. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ მხრივ, საქართველოს განსაკუთრებული სიფხიზლე მართებს.

“აშშ-ში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დასრულდა ისე, როგორც არც აშშ-ში და არც მის ფარგლებს გარეთ შესაძლოა ბევრი არ ელოდა, ეს არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ყოველთვის არც ამერიკელები არიან აღფრთოვანებული იმით, რა არჩევანსაც ჩვენ – ქართველები ვაკეთებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ჩვენთან სტრატეგიულ მეგობრობას აგრძელებენ. მე არ მგონია, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში ქართულ-ამერიკულ ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე პრობლემები გაჩნდება. მე უფრო ველოდები გარკვეულ გამოწვევებს საერთაშორისო სისტემაში – საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო პოლიტიკის სისტემაში, სადაც დღემდე შეინიშნებოდა პასუხისმგებლობებისა და ინიციატივების დეფიციტი. ამ თვალსაზრისით აშკარად იქნება გამოწვევები, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.”- აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას იმისთვის, რომ მსოფლიოში მიმდიანრე ცვლიელებების ფონზე ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული.

“უნდა ვიყოთ ყურადღებით, გავაუმჯობესოთ და გავაორმაგოთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, რადგან ცოტა გაურკვევლობების პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს და ქვეყნებს შესაძლოა გაუჩნდეთ გარკვეული ვაკუუმის და იმის განცდა, რომ ახლა არის დრო იმისთვის, რომ რაიმე ნაბიჯები გადაიდგას არალეგიტიმური ინტერესების დასაკამაყოფილებლად. ამიტომ ჩვენ გვმართებს გარკვეული სიფხიზლე, დიპლომატიური არხებით და ყველა სხვა არხით, რითაც ქვეყნის ინტერესია დასაცავი. ეს ის თემებია, როცა პოლიტიკური სპექტრი უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მოწოდებული, რომ ქვეყნის ინტერესები ყველა ფლანგზე დავიცვათ.”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.