დიდი ბრიტანეთის საელჩოში ელჩი ჯასტინ მაქენზი სმიტი დღეს სპეციალურ მიღებას გამართავს.
ბრიტანეთის საელჩოს ინფომაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაქენზი სმიტი სპეციალურ მიღებას მართავს, რათა გააცილოს და წარმატება უსურვოს იმ სტუდენტებს, რომლებიც ჩივნინგის პროგრამის მეშვეობით 2016-2017 სასწავლო წელს წამყვან ბრიტანულ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას.
როგორც საელჩოში აცხადებენ, ღონისძიებაზე განსაკუთრებით აღინიშნება ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ჩივნინგის სქემით საქართველოდან დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში სულ უფრო მეტი პროფესიონალი და მომავალი ლიდერი მიემგზავრება. წელს, ასეთი 17 სტუდენტია, საიდანაც 3 „საქართველოს ბანკის“ მიერ სრულად ფინანსდება, „ჩივნინგის პროგრამასა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში.
ღონისძიებას დაესწრებიან ჩივნინგის კურსდამთავრებულები, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
„ მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩემი ერთ-ერთი პირველი მიღება უკავშირდება დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად მიმავალი სტუდენტების გაცილებას. წელს ჩვენ საშუალება გვაქვს 17- მდე პროფესიონალს და მომავალ ლიდერს მივცეთ ბრიტანულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების საშუალება. სამი მათგანი „საქართველოს ბანკმა“ სრულად დააფინანსა. მე კიდევ ერთხელ მინდა მათ ჩივნინგის სქემის მხარდაჭერისთვის მადლობა ვუთხრა. ჩივნინგის პროგრამის მეშვეობით დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დიდ ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას და საქართველოს და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას“, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაქენზი სმიტმა.
თავის მხრივ „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე კაცმანი აცხადებს, რომ “საქართველოს ბანკისთვის“ განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა.
„ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ სტუდენტებს, რომელთაც სურთ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის განათლების მიღება და წარმატებული მომავლის შექმნა. სწორედ ამას, ემსახურება ის მნიშვნელოვანი პარტნიორობა, რომელიც „საქართველოს ბანკსა“ და დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წელს გაფორმდა და პარტნიორობის ფარგლებში ერთობლივი სტიპენდია დაწესდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დიდი ბრიტანეთის მთავრობას და პროექტში ჩართულ ადამიანებს, რომ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. დღემდე „საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში 5-მა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო. „საქართველოს ბანკი“ განაგრძობს ჩვინინგის პროგრამის მხარდაჭერას და წელს ბანკის დაფინანსებით კიდევ 3 სტუდენტი შეძლებს დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად გამგზავრებას,“ – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ.