„ევროპული საქართველო“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევას და მასზე შს და თავდაცვის მინისტრების მისვლას ითხოვს

0
1007

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევასა და მასზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მისვლას მოითხოვს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ მთავრობამ ისეთი ნაბიჯების გადადგმას მოუხშირა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს სერიოზულ ზიანს აყენებს.

“ეს დაიწყო “გაზპრომთან” მოლაპარაკებებით და მავნებლური ხელშეკრულების ხელმოწერით. მერე მთავრობამ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოკუპანტ სახელმწიფოს ჩვენი დამსახურებული ჯარისკაცის პირადი საქმე გადასცა, რაც სახელმწიფო ღალატის ნიშნებს შეიცავს. ამას ემატება ისიც, რომ ხდება ათასობით ადამიანის დათხოვნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. გასაგებია, რომ დღევანდელი ბიუჯეტი შეიძლება არ იყოს მეხუთე ბრიგადის სრულფასოვნად შესანახად საკმარისი, მაგრამ ჩვენისთანა მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში, მათ შორის, ბალტიისპირა ქვეყნებში სახელმწიფო და სამხედრო ხარჯები იზრდება. შეიარაღებული ძალების შემცირება, როგორც მინიმუმ მცდარი და სინამდვილეში ძალიან მავნებლური ნაბიჯია და ეს მაშინ, როცა ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი სავსეა ათასი უპასუხისმგებლო პროგრამებით.

ამ მოვლენების გათვალისწინებით, ფრაქცია “ევროპული საქართველ” და საპარლამენტო უმცირესობა მოითხოვს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევას, სადაც უნდა მოვიდნენ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები და ყველა კითხვას გასცენ პასუხი”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.