20 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ენერგეტიკის მინისტრთან ილია ელოშვილთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეწვია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით და სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში, ენგურის კაშხლის მიმდებარედ დაგეგმილია ტურისტულად მიმზიდველი კულტურული საიტის მოწყობა, მუზეუმითა და ვიზიტორთა ცენტრით.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ღონისძიებაზე წარადგინა ძეგლის განვითარების კონცეფცია, რომელიც ესტონელი ექსპერტების – ოტტ სარაპუუსა და ანდრიუს კირესაარის დახმარებით შემუშავდა.
მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესის დიდი ნაწილი აფხაზეთის მხარეს ეკუთვნის, რაც შესაბამისი დიალოგის შედეგად, შესაძლოა, საერთო მსჯელობის საგანი გახდეს – სათანადო კეთილმოწყობისა და საჭირო დოკუმენტების მომზადების შემთხვევაში, ენგურჰესის უნიკალურ კაშხალს უდიდესი პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ მომავალ წლებში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის დადგენილებით მიენიჭა.