ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

0
1048

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა, რის გამოც, სხდომა დაიხურა.

ხუთივე ბრალდებული აღნიშნავდა, რომ ბრალდება, რომელსაც მათ პროკურატურა ედავებოდა, უსაფუძვლო იყო.

თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას შეეხებოდა. სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა კი კომპანია „სილქნეტი“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს და მომსახურებაში, რომელიც, პროკურატურის შეფასებით, 2 მილიონი ლარის ღირებულებისაა, „სილქნეტმა“ 6 მილიონი ლარი მიიღო.

დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე, გასული წლის 19 ივნისს სასამართლომ ბრალდებულები: ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე გირაოთი გაათავისუფლა.