საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობას ახორციელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენის ინფორმაციით, პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო მეორე მონაკვეთზე სამუშაოების გასაგრძელებლად, მსოფლიო ბანკთან სხვადასხვა საკითხის განხილვა და მოლაპარაკებები ხორციელდება.
პირველ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კუპატაშვილმადაათვალიერეს.
ამ დროისათვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე ხიდების მშენებლობა, ყრილისმოწყობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები და ელექტროგადამცემი ხაზების გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს. აღნიშნული გზატკეცილი აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელება იქნება, რომლის ხუთი კილომეტრიც ამ პროექტის დასრულების შემდეგ გადაეცემა საექსპლუატაციოდ.
პროექტის ფარგლებში აშენდება: ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, ხუთი გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებენ.