თბილისის მასშტაბით ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

0
632

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ის ლოკაციები შეთანხმდა, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და ფეხით მოსიარულეთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შარტავას ქუჩა N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის პროცესს გაეცნო. აღნიშნული მისამართის გარდა, საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები დამატებით 19 ლოკაციაზემოეწყობა.

კახა კალაძის თქმით, რკინის კონსტრუქციები იქ მოიხსნება, სადაც ინფრასტრუქტურა მომზადებულია ქვეითთა გადაადგილებისთვის.

“დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუკი რომელიმე ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ. პირველ ეტაპზე ქალაქში 20 ადგილზე მოხდება მათი დემონტაჟი, სადაც ყველანაირად იქნება ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული. თქვენ ხედავთ, მერიის წინ როგორ არის ფეხითმოსიარულეთა გადასასვლლი მოწესრიგებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩები ქვეითთათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა გურამიშვილის გამზირზე არსებულ ხუთ შუქნიშანს რეკონსტრუქცია უკვე ჩაუტარა და ქვეითთა სექციები დაამატა. მითითებულ ადგილებში უახლოეს ხანებში ქვეითთა გადასასვლელები დაიხაზება, რის შემდეგაც, ქვეითთა შუქნიშნებიც ამოქმედდება. დანარჩენ მისამართებზე წლის ბოლომდე სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.

ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი და შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანიგადასასვლელები მოეწყობა: შარტავას ქუჩა N7-ის; ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე; ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების გადაკვეთაზე; აკაკი წერეთლის გამზირზე – დიდუბის პანთეონის მიმდებარედ; გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ლიახვის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ქსნის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და გუდამაყრის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის გადაკვეთაზე; შანდორ პეტეფის ქუჩაზე – №151 საჯარო სკოლის მიმდებარედ; გორგასალის ქ. №111 კორპუსის მიმდებარედ; გორგასალის ქ. №111ა კორპუსის მიმდებარედ; რუსთავის გზატკეცილი №6-ს მიმდებარედ (ქვემო ფონჭალა); ყაზბეგის გამზირზე – №52 საჯარო სკოლის მიმდებარედ; ვაჟა-ფშაველას გამზირზე – სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ; ცოტნე დადიანის ქუჩაზე – №4 საჯარო სკოლის მიმდებარედ; რობაქიძის გამზირზე – ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ; რობაქიძის გამზირზე – მაღაზია „წითელქუდას“ მიმდებარედ; გურამიშვილის გამზირი №15-ს მიმდებარედ (საყოფაცხოვრებო კომბინატი); მარშალ გელოვანის გამზირზე – „აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. სადემონტაჟო სამუშაოებს, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება, კომპანია „მეტეხი 2008“ განახორციელებს.