თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრება იგეგმება

0
1111

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრება და ამ სეგმენტის ინფრასტრუქტურაში ენერგო ეფექტურობის გაზრდა იგეგმება. პროექტი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის ფინანსური დახმარებით ხორციელდება.
განათლების სამინისტროს ცნობით, პროექტთან დაკავშირებული ფინანსური და ტექნიკური დეტალები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ დღეს, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მრჩეველებთან ერთად განიხილეს.
უწყების ინფორმაციით, პროექტი, რომელიც სამინისტრომ შეიმუშავა, მიზნად ისახავს გააუმჯობესოს სასწავლო გარემო და სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება, ასევე, მიაღწიოს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ხარჯების შემცირების მიზნით.
მათივე განმარტებით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 22 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 14 მილიონ ევროს შეღავათიანი სესხის სახით, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი გამოყოფს, აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობის და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის ფონდიდან (E5P) გრანტის სახით გამოიყო 6 მილიონი ევრო.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია ქართული მხარის თანამონაწილეობა არაფულადი ფორმით (2 მილიონი ევრო).
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მალე საქართველოში ჩამოვა საერთაშორისო კომპანია, რომელიც პროექტის საბოლოო შეფასებას მოახდენს, რის შემდეგაც სკოლების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება.