მე ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, მაგრამ ვაღიარებ იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ მიაღწია და მაღალ შეფასებას ვაძლევ მჭიდრო ურთიერთობას ნატო-საქართველოს შორის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როდის შეიძლება მოხდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო აგრძელებს მუშაობას საქართველოსთან რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც მისცემს ქვეყანას საშუალებას დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას.
”ჩვენ ვარშავაში ნატო-ს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებსა და წევრობის მოთხოვნებს. ზუსტად ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც მისცემს ქვეყანას საშუალებას დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას.
მე ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, რადგანაც ეს მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ის უკვე ვიხილეთ – სერიოზული პროგრესი და რეფორმები, რაც შეეხება საარჩევნო, პრესის თავისუფლების სფეროში რეფორმებს და რასაკვირველია, თავდაცვის სექტორის რეფორმებს,” – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ რეფორმები არა მხოლოდ ნატო-სთან აახლოვებს საქართველოს, არამედ მნიშვნელოვანია უშუალოდ ქვეყნისთვის.