კახა კოჟორიძე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

0
1280

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძება სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
“კაცობრიობას არ უნდა სჭირდებოდეს ჰოლოკოსტის მსგავსი ტრაგედიები იმის გასააზრებლად, რომ ბრძოლა განსხვავებულის წინააღმდეგ არის ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ რადგან ის საფრთხეს უქმნის იმ იდეალებს, რომელსაც კაცობრიობის მშვიდობიანი განვითარება ეფუძნება”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით მიმართა.
“დღეს ჩვენ ვერაფრით მივაგებთ უფრო დიდ პატივს ჰოლოკოსტის გმირთა ნათელ ხსოვნას, თუ არა ისეთი მომავლის შენებით, სადაც ჩვენი შვილები, ყველა მომავალი თაობა მშვიდობის, კეთილდღეობისა და განვითარების გარემოში იცხოვრებს. სამყაროში, სადაც ჰოლოკოსტი შეუძლებელია. სამწუხაროდ, ზოგჯერ კაცობრიობა მარტივ ჭეშმარიტებებზე მხოლოდ მას შემდეგ აღწევს საყოველთაო თანხმობას, როდესაც გაივლის საშინელ ტრაგედიებს. საქართველოში არის განსხვავებულთა მშვიდობიანი თანაარსებობის უნიკალური და მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავაძლიეროთ და საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში”, – განაცადა კოჟორიძემ.

ღონისძიებას, რომელიც USAID-ის მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის – UNAG „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართა, ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრები.