მადლენ ოლბრაიტის განცხადებით, ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი „კა-გე-ბეს“ ყოფილი აგენტია

0
1192

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის განცხადებით, დიპლომატებს ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი „კა-გე-ბეს“ ყოფილი აგენტია.

როგორც ოლბრაიტმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, აშშ-ს მხრიდან ძალის დემონსტრირება მოსკოვისადმი სწორი მიდგომაა.

“უნდა გვესმოდეს ისტორია. რუსეთი იყო იმპერია, შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელსაც უზარმაზარი ძალა ქონდა. საბჭოთა კავშირი ჩვენი მთავარი მტერი იყო. მოხდა ჩვენთვის უპრეცედენტო რამ – მთავარი მეტოქის ძალაუფლება ჩამოიქცა ომის გარეშე და ამის შემდეგ ჩვენ ვცდილობდით გაგვერკვია, როგორ გვემუშავა რუსეთთან. მართალია ვერ შეთანხმდებით ყველაფერზე, მაგრამ საჭიროა გაარკვიო რაზე თანხმდები და რაზე არა.

სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, ელცინს შევხვდი. მან მკითხა, თუ რატომ ფართოვდებოდა ნატო. მე ვუთხარი, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ იყო მიმართული და რაღაც ეტაპზე, თუ მათ სურვილი ექნებოდათ, თვითონაც გამხდარიყვნენ ნატო-ს ნაწილი. ჩვენ მზად ვიყავით, ისინი მიგვეღო”, – განაცხადა ოლბრაიტმა.

ოლბრაიტის თქმით, რუსეთი ცდილობს ევროკავშირის და ევროპის ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას, იყენებს პროპაგანდას რათა მოახდინოს სხვადასხვა საკითხებით მანიპულირება და უთანხმოებების გაღვივება.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები არ უნდა გააუქმოს იმ პირობებში, როდესაც მოსკოვი მინსკის შეთანხმებას არ ასრულებს.

„პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთში იდენტობის კრიზისის დროს. ის ცდილობს, რუსეთს მსოფლიო ძალის სტატუსი დაუბრუნოს და ეს მის პოპულარობას ეხმარება. ის იყენებს ასიმეტრიული ბრძოლის ხერხებს, კიბერ და საინფორმაციო ომის ტაქტიკას. ის ერთიან ევროპას საშიშროებად მიიჩნევს და გავლენის სფეროების შენარჩუნებას ცდილობს. პუტინი იარაღად იყენებს დევნილებს, რაც ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს ევროპაში. საჭიროა მკაფიოდ ითქვას, რომ არ ვაპირებთ სანქციების გაუქმებას, ვინაიდან, რუსები არ ასრულებენ ამისთვის საჭირო პირობებს. პუტინის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში შეჭრა არალეგალურია. პუტინი აფასებს ძალას და ვფიქრობ, საჭიროა ძალის გამოჩენა. ამ შემთხვევაში, აუცილებელი არ არის რუსებს მოსწონდე“, – აღნიშნა ოლბრაიტმა.

ოლბრაიტის განცხადებით, ამერიკა რუსეთთან ურთიერთობებში ფრთხილად უნდა იყოს და არ უნდა იმოქმედოს იმ პრინციპით, რომ შესაძლოა, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი სიმპათია ჩამოყალიბდეს.

„ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას სანქციების გაუქმება სურს. ასევე არიან ევროპელები, რომელთაც ამ მიმართულებით უნდათ წასვლა. პუტინი და მისი ხალხი ქმნიან დევნილებისგან პრობლემას. ეს მათი პროპაგანდის ნაწილია და ისინი უფრო კარგად აწარმოებენ პროპაგანდას, ვიდრე ჩვენ. ისინი სხვა სივრცეში არიან და ჩვენ სხვაში. ბევრმა სხვა პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა მასთან ურთიერთობაში, მაგალითად ბუშმა. ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ და არ უნდა წაგვიღოს ფიქრმა ორმხრივი მოწონების შესაძლებლობაზე”, – აღნიშნა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.