საქართველოს პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს. დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მაიხუანას მოხმარებაზე საპატიმრო სასჯელის გაუქმებას გულისხმობს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულმა კომიტეტებმა თანხმობა მისცეს, ხოლო თამაზ მეჭიაურისადმი რწმუნებულმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს დღევანდელ ნომერში სტატიას სთავაზობს, სადაც აღნიშნულია, რომ მე-2 კლასის მოსწავლეებს თვლას მარიხუანის ფოთლებით ასწავლიდა, და მათემატიკის სახელმძღვანელოში მარიხუანის ფოთოლი მე-7 გვერდზეა განთავსებული.
საქართველოში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის თემა მაინც დღის წესრიგში დგას და საქმე უკვე იქამდეც მივიდა, რომ ქართულ საჯარო სკოლებში მარიხუანის არცთუ შეფარული პოპულარიზაცია დაიწყო, თანაც, არც მეტი, არც ნაკლები – სასკოლო სახელმძღვანელოების მეშვეობით! „ასავალ-დასავალის” წინამდებარე გვერდზე თქვენ ხედავთ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც მე-2 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოს მე-7 გვერდია გამოსახული.
ნათლად ჩანს, რომ სახელმძღვანელოში, გვირილების, სოკოებისა და პეპლების გვერდით, მარიხუანის ფოთლები ხატია და ბავშვებს ევალებათ, მათი რაოდენობა ზუსტად დაითვალონ!
„დიახ,ძვირფასო მკითხველო, არავითარი უტრირება და გადაჭარბება, მხოლოდ ფაქტის კონსტატირება – საქართველოს საჯარო სკოლების მე-2 კლასის მოწაფეებს თვლას მარიხუანის ფოთლებით ასწავლიან! როგორ ფიქრობთ, რა მიზანი უნდა ჰქონდეს დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოში მარიხუანის ფოთლების დახატვას და ბავშვების დავალდებულებას, რომ დასხდნენ და ეს ფოთლები ითვალონ? დედამიწის წურგზე მილიონი ჯიშის ხე და ფოთოლი არსებობს და მე-2 კლასის სახელმძღვანელოში რაღა მაინცდამაინც მარიხუანის ფოთლები შეიტანეს?
ვერავინ იტყვის, რომ სახელმძღვანელოს შემდგენლებს ეს შემთხვევით მოუვიდათ და მარიხუანის ფოთოლი რომელიმე სხვა ფოთოლში შეეშალათ, რადგან მარიხუანის ფოთოლს ისეთი ფორმა და მოყვანილობა აქვს, ყოვლად შეუძლებელია, რომელიმე მცენარისა თუ ხის ფოთოლში აგერიოს. ვინმემ შეიძლება ისიც თქვას, მარიხუანის ფოთოლს მეორეკლასელი ბავშვი მაინც ვერ ამოიცნობს და ამდენად, სახელმძღვანელოში მისი შეტანა საფრთხის შემცველი არ არისო. ჯერ ერთი, აქ მთავარი ის კი არ არის, მეორეკლასელი ბავშვი მარიხუანის ფოთოლს ამოიცნობს თუ არა, არამედ ის, რომ მეორე კლასის სახელმძღვანელოს შემდგენლებს აზრად მოუვიდათ, სასკოლო წიგნში მარიხუანის ფოთლები დაეხატათ. ნორმალურ ადამიანს რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი, რომ სახელმძღვანელოში მარიხუანის ფოთლები „გამოფინო” და ისინი ბავშვებს სათითაოდ ათვლევინო? და კიდევ – მეორე კლასის მოწაფეები, ანუ 7-8 წლის ბავშვები, დღეს კომპიუტერს თავისუფლად ფლობენ და ინტერნეტში ისე „დასეირნობენ”, როგორც თევზი წყალში, ამიტომაც ვერავინ იტყვის, რომ მარიხუანის ფოთოლი მათთვის ვიზუალურად უცხოა და სახელმძღვანელოში მის ამოცნობას ვერ შეძლებენ. გარდა ამისა, მე-2 კლასის მოწაფეები ტელევიზორსაც უყურებენ და ხედავენ, ზოგიერთ ტვინგახურებულ ახალგაზრდას მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციებზე როგორ დაჰყავს მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც თავზე მარიხუანის ფოთლის გამოსახულებიანი „ბენდენები” აქვთ წაკრული!
ასე რომ, „არგუმენტები” – მეორეკლასელი ბავშვები მარიხუანის ფოთოლს ვერ იცნობენო, ვერანაირად ვერ გაამართლებს იმ მარაზმს, რასაც მე-2 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოში მარიხუანის ფოთლების დახატვა ჰქვია!
და მაინც, რას ისახავს მიზნად ეს ყოველივე? ალბათ, იმას, რომ ქართველ ბავშვებს თავიდანვე ჩაუბეჭდონ გონებაში, თითქოს მარიხუანა სრულიად უვნებელი და უწყინარი მცენარეა, ისეთივე ჩვეულებრივი და ბუნებრივი რამ, როგორიც გვირილა, სოკო ან პეპელა! ბავშვის ცნობიერებაც ამ ყველაფერს თავისთავად შეისრუტავს, გონება კი დაასკვნის – „რადგან სკოლის წიგნში შეიტანეს, ე.ი. კარგია!” ერთი რამ თამამად შეიძლება ითქვას – ის, ვინც მე-2 კლასის სახელმძღვანელოში მარიხუანის ფოთლები დახატა და მოსწავლეებს მათ დათვლას ასწავლის, ბავშვების ისეთივე მტერია, როგორიც ის, ვინც მცირეწლოვნებს მარიხუანას სიმბოლიკით მოსავს და „პლანაქეშების” აქციებზე დაატარებს! დიახ, სასკოლო სახელმძღვანელოში მარიხუანის ფოთლების დახატვა სხვა არაფერია, თუ არა საჯარო სკოლებში მარიხუანას პოპულარიზაცია და ლეგალიზაცია! საინტერესოა, რას აკეთებს საქართველოს განათლების სამინისტრო და თამარ სანიკიძეს რა ყურთბალიშზე სძინავს, რომ ამ მარაზმზე რეაქცია არ აქვს?! როგორც გავარკვიე, საქართველოს საჯარო სკოლებში მე-2 კლასის მოწაფეებს მათემატიკას სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოებით ასწავლიან.
იმ სახელმძღვანელოს ავტორები, რომელშიც მარიხუანის ფოთლები ხატია, თინა ბექაური და ავთანდილ საგინაშვილი არიან. მათთან დაკავშირება ბევრჯედ ვცადე, მაგრამ საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს ვერსად მივაკვლიე. ბოლოს ფეისბუქში ავთანდილ საგინაშვილის გვერდი ვიპოვე და პირადი შეტყობინება გავუგზანე, თუ ის ავთადნილ საგინაშვილი ბრძანდებით, რომელიც მეორე კლასის სახელმძღვანელოს ავტორია, გთხოვთ, ვინაობა დამიდასტუროთ, რადგან ჟურნალისტი ვარ და მინდა, რამდენიმე კითხვა დაგისვათ-მეთქი, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიმიღია. კარგი იქნება, ამ პუბლიკაციის შემდეგ ხსენებული სახელმძღვანელოს ავტორები თუ დაგვიკავშირდებიან, რადგან მათთან ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა გვაქვს – რატომ მიაჩნიათ, რომ მე-2 კლასის მოწაფეებმა თვლა და ანგარიში „პლანის” ფოთლებით უნდა ისწავლონ? რაც შეეხებათ მშობლებს, რომლებსაც არ სურთ, რომ მათმა შვილებმა სკოლასა თუ სახლში მარიხუანის ფოთლები ითვალონ, ალბათ, ერთადერთი გამოსავალიღა დარჩენიათ – მე-2 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოდან მე-7 გვერდი უნდა ამოხიონ“! – წერს „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში.