პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში გაემგზავრა

0
1163

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, დღეს სტრასბურგში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი 21 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან. გიორგი კვირიკაშვილს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდიც უმასპინძლებს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მხარეების ერთობლივი პრესკონფერენცია. სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იმყოფებიან, სტრასბურგს 21 აპრილს დატოვებს.