პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოხარულია, რომ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალტექნოლოგიური პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ პრემიერმა რუსთავში, 112-ის ახალი შენობის გახნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 112 სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და მისი გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში მორიგი, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაღალტექნოლოგიური პროექტი განხორციელდა. რუსთავში ვხსნით 112-ის კიდევ ერთ ალტერნატიულ ცენტრს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი მოქალაქეების ოპერატიულ მომსახურებას.
112 სტრატეგიული მნიშვმნელობის ობიექტია და მისი გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ცენტრის პარალელური, გამართული მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება და კიდევ უფრო უზრუნველყოფს თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, თითოეული ადამიანის უსაფრთხოებისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას ითვალისწინებს.
„ფორსმაჟორულ ვითარებაში ყველა წამი გადამწყვეტია და ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად კვალიფიციური დახმარებისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება და მუდმივად ვითვალისწინებთ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 112-ის ახალ შენობაში ფუნქციონირებას იწყებს სასწავლო ცენტრი, რომელიც 112-ის თანამშრომლების გადამზადებას უზრუნველყოფს.
„ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სურვილი აქვს გახდეს 112-ის გუნდის წევრი, შეძლებს სპეციფიკური განათლების რუსთავის ცენტრში მიღებას“, – აღნიშნა პრემიერმა.