საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კვიპროსის სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის. დოკუმენტს შესაბამისი უწყებების მინისტრებმა მოაწერეს ხელი.
ასევე ხელი მოეწერა საქართველოსა და კვიპროსის მთავრობებს შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღეს გაფორმებული დოკუმენტები თვისებრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.
„უნდა ავღნიშნო, რომ მართლაც ისტორიული ვიზიტია. დამოუკიდებლობის იტორიაში პრეზიდენტის პირველი ვიზიტია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. კვიპროსი არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ფორუმისა და ფორმატის ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, უახლოესი ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი, იგივე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი, იქაც გვექნება კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა. ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის, ინფორმაციის გაცვლის კუთხით და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი თვისებრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.