საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციას “ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის” (AECR) პრეზიდენტი იან ზარადილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი რიზარდ ცარენსკი და “ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი რიჩარდ მისლომი.
მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს, საუბარი შეეხო ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ.
ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, ასევე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.
შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩევლები და “საქართველოს კონსერვატიული პარტიის” ლიდერები დაესწრნენ.