საქართველოში ჩადენილი ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქეს 16-16 წლით პატიმრობა მიესაჯა

0
1214

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებულ ირანის ორ მოქალაქეს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებულები, ირანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა პ.გ.-მ და ს.გ.-მ უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სხეულში დამალვის გზით, 2018 წლის 4 დეკემბერს უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში. პ.გ.-მ 8 აბი (0.1922 გრ.) ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და 51,3823 გრ. „ჰეროინი“, ხოლო ს.გ.-მ 51,2325 გრ. „ჰეროინი“.

სამართალდამცველებმა ორივე პირი იმავე დღეს რუსთავში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.