ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდამ, რომელიც სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში 22 წლის ახალგაზრდა დაჭრა, რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულის დაზიანება კიდევ სამ პირს მიაყენა, მათ შორის, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ მირიან ნოღაიდელს. პოლიციელი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ის შორიახლოს იმყოფებოდა, ხმაური გაიგო და შემთხვევის ადგილზე ვითარების გასარკვევად მივიდა. უიარაღო პატრულ-ინსპექტორი ბრალდებულის შეჩერებას შეეცადა, რა დროსაც ის ხელის არეში დაიჭრა.
ოთხი დაჭრილი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიანაც სამი უკვე გაეწერა, ხოლო ერთ მათგანს ფილტვში გამჭოლი ჭრილობა აქვს და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ქობულეთის რაიონის სოფელ აჭიში, შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს.
ქობულეთის საავადმყოფოში შეკრებილი, დაჭრილთა ახლობლების თქმით, შელაპარაკების დროს ერთი ახალგაზრდა დანით დაესხა თავს ხუთ პირს. თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ახლობლები არ საუბრობენ. თავდამსხმელიც, გარდაცვლილიც და დაჭრილებიც ადგილობრივები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.