შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნატო-ში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა

0
627

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა.

შსს-ს ინფორმაციით, დღეს, მეკავშირე ოფიცრის, ნიკოლოზ ქავთარაძის აკრედიტაციის შესაბამისი პროცედურა ნატო-მ ოფიციალურად დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, ალიანსში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციას ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობასთან, ნატო-ს გაერთიანებული ძალების უზენაეს სარდლობასთან და ნატო-ს შტაბ-ბინასთან.

„აღნიშნული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია და ხაზს უსვამს საქართველოს და ალიანსის შესაბამის ინსტიტუტებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველო-ნატო-სურთიერთობებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელთა განხორციელებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის სფეროს წარმოადგენს. აღნიშნული მზაობა 2018 წელს ნატო-ს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციითაც დადასტურდა, სადაც საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინიციატივები განისაზღვრა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.