შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

0
1420

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მერვე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ლ.წ. თბილისში დააკავეს.

სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას, ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი, გადაჭრილი თოფი, ე.წ. აბრეზი, კუსტარულად დამზადებული რევოლვერი და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).