სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 15,8%-ით გაიზარდა

0
1011

2015 წლის სექტემბერში საქართველოს 568 663 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6%-ით მეტია. მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 15.8%-ით არის გაზრდილი.
ეს სტატისტიკური მონაცემები ჟურნალისტებს დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო.
2015 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან (+9.0%), სომხეთიდან (+6,9%), აზერბაიჯანიდან (+6.0%), რუსეთიდან (+12,6%) და უკრაინიდან (+11,7%) განხორციელდა. 90,7% ით გაიზარდა ისრაელიდან შემოსული მოგზაურების რაოდენობა, +11,2%-ით _ გერმანიიდან, 408,4%-ით _ ირანიდან, 55,1%-ით _ ბელარუსიდან, 18,9%-ით _ ყაზახეთიდან, 53,6%-ით ­_ გაერთიანებული სამეფოდან, 968,9%-ით _ ერაყიდან, 34,8%-ით _ ჩეხეთიდან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 9 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4 491 039 შეადგინა, ზრდა კი 6,7%-ია. აქედან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 801 018 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 1,6%-ით აღემატება.
გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების კუთხითაც. 2015 წლის მეორე კვარტალში შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 460 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 7.1%-ით აღემატება. პირველი ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 766.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.9%-ით მეტია.
გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ასეთი პოზიტიური მონაცემები და ზრდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და რაც მთავარია მთავრობის ეფექტური და გააზრებული პოლიტიკის შედეგია. „ტურისტების რიცხვი იზრდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს ბუნებრივია ხელს უწყობს რეგიონების განვითარებას, საქართველოში უფრო მეტი დახარჯული ფული კი უფრო მეტ ადამიანს უჩენს სურვილს, ჩაერთონ ამ ბიზნესში და შესაბამისად ეს ზრდის დასაქმებულთა რაოდენობასაც, ანუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ აპრილიდან მოყოლებული საერთაშორისო მოგზაურების ზრდა ზედიზედ ფიქსირდება. კერძოდ, თუ აპრილში ზრდა მხოლოდ 0,4%-ს შეადგენდა, მაისში 14,7% იყო, ივნისში _ 9,3%. ივლისში _ 9,5%, აგვისტოში _ 10,0%, ხოლო სექტემბერში _ 12.6%. ტურიზმის სტატისტიკა შსს-ს საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ყოველთვიურ და კუმულატიურ სტატისტიკურ კვლევას ეყრდნობა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here