საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა

0
879

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რომელმაც ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე 2 გამარჯვება მოიპოვა და 2019 წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა, სამშობლოში დაბრუნდა.
მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გულშემატკივრებთან ერთად, დახვდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია, შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე.
„მილტონ ჰეიგის“ გუნდმა 19 სექტემბერს ტონგა 17:10 დაამარცხა, 25 სექტემბერს არგენტინასთან 9:54 დათმო, 2 ოქტომბერს კი ახალ ზელანდიასთან მატჩი 10:43 წააგო. 7 ოქტომბერს გადამწყვეტი შეხვედრა ნამიბიასთან გამართა და 17:16 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების რამდენიმე მორაგბე (მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან დათუნაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, ლაშა მალაღურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, კოტე მიქაუტაძე) პირდაპირ საფრანგეთში გაფრინდა და საკუთარ კლუბებს დაუბრუნდა. ინგლისში მსოფლიოს თასის დასრულებამდე დარჩება რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძეც, რომელიც საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და სხვა ქვეყნების რაგბის კავშირის პრეზიდენტებთან საქმიან შეხვედრებს გამართავს. სამშობლოში დაბრუნდნენ ნაკრების სხვა მოთამაშეები, მწვრთნელები, მენეჯერები, ექიმები და გუნდის სხვა წევრები.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here