თბილისის ანძის დაზიანებული სანათების დემონტაჟი დაიწყო

0
883

შპს “სინათლის ქალაქმა” თბილისის ანძის დაზიანებული სანათების დემონტაჟი დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ შპს “სინათლის ქალაქის” დირექტორთან, ვასილ ხორავასთან ერთად დაათვალიერა. სამუშაო პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, ახალ წელს კი თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება.
“დღეიდან, ანძის ძველი ნაწილების დემონტაჟი დავიწყეთ. სანათების დიდი ნაწილი მწყობრიდან არის გამოსული. ახალ “ლედ სანათებს” ჩვენს მიერ შერჩეული იტალიური კომპანია ეტაპობრივად, სამ ნაწილად მოგვაწვდის. ყველა პირობის გათვალისწინებით, ახალ წელს თბილისის ანძა ახლებურად იქნება განათებული”,-განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
შპს “სინათლის ქალაქის” დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, დაზიანებული სანათების დემონტაჟი 20 დღეს გასტანს, რის შემდეგაც ახალი სანათები დამონტაჟდება.
“ეს არის უნიკალური, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ტექნიკურმა პერსონალმა მუშაობა დღეიდან დაიწყო და დაზიანებული სანათების დემონტაჟს დაახლოებით 20 დღე დასჭირდება. ამის შემდეგ, ჩვენ აღდგენით სამუშაოებს და ახალი სანათებისთვის სისტემურ მომზადებას დავიწყებთ”, – განაცხადა ვასილ ხორავამ.
თბილისის მერიამ, ანძის ახალ განათებასთან დაკავშირებით, რამდენიმე უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას მიმართა. შეთავაზების მიზანი, გონივრულ ვადაში მაღალ ხარისხსა და შედარებით დაბალ ფასზე ორიენტირებული წინადადების მიღება იყო. დედაქალაქის მერიის მიერ გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი იტალიურმა კომპანიამ – “გრივენი” დააკმაყოფილა, რომლის სახელსაც არაერთი მასშტაბური პროექტი უკავშირდება, მათ შორის – “გრივენის” მიერ იყო განათებული ეიფელის კოშკი, 6 თვის განმავლობაში, საფრანგეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის აღსანიშნავად.
თბილისის ანძა, დღეს, 5 000 ცალი “ფლეშ” სანათისგან შედგება, რომელიც 2010 წელს დამონტაჟდა. სანათების არასწორი სტანდარტებით დამონტაჟების გამო მათგან, დაახლოებით, ნახევარზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული.
კომპანია “გრივენის” მიერ შემოთავაზებული პროექტის ღირებულება 635 000 ევროს ექვივალენტი ლარია.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here