საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის სექტემბრში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 859 ერთეული შეადგინა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ შორის 96.9% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.1% – არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.882 დონეზე დაფიქსირდა. ა.წ. სექტემბერში დაფიქსირდა ზრდა წინა თვესთან (35.7%-ით), ხოლო კლება – წინა წლის იმავე თვესთან (8.1%-ით) შედარებით.
„2015 წლის სექტემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 34.9%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 66.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ტენდენციისგან განსხვავებით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით დაფიქსირდა სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 8.7%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა – 15.4%-ით. ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.880 და 0.945 დონეებზე დაფიქსირდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ა.წ. სექტემბრის თვეში ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2031 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 52.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 640 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 42.5%) სახით.
„როგორც ჩანს, ბიზნესსუბიექტთა 95.1% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 118 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 54 კოოპერატივი, 9 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 4 სააქციო საზოგადოება, 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი და 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება“, – ნათქვამია განცხადებაში.