საქართველო-თურქეთის საზღვარზე ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი “კარწახი“ გაიხსნა

0
1284

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტი “კარწახი“ გაიხსნა. პარალელურად თურქეთში საბაჟო გამშვები პუნქტი “აქთაშ-ჩილდირი“ ამოქმედდა.
ახალი საბაჟო გამშვები პუნქტების გახსნის აღსანიშნავად დღეს საქართველო-თურქეთის საზღვრის მიმდებარე მონაკვეთზე ერთობლივი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ჯენაფ აშჯი, ასევე სხვა მაღალი რანგის სტუმრები საქართველოდან და თურქეთიდან.
როგორც საზეიმო ღონისძიებაზე აღინიშნა, ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედება ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციის გაზრდას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ამასთან, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით, საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებაში.
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება, საბაჟო პროცედურების ეფექტურად მართვა ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. უწყების ცნობით, ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს: – მგზავრებისთვის კომფორტული და სწრაფი მომსახურების მიღებას; “სარფისა“ და “ვალეს“ საბაჟო-გამშვები პუნქტების განტვირთვას; სასაზღვრო პოლიტიკის გაუმჯობესებას; საბაჟოს გამტარიანობის მაჩვენებელი დღე/ღამეში მინიმუმ 500-600 სატვირთო მანქანა და 10 000 მგზავრი იქნება; ახალი სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დამატებითი წყაროს შექმნას.
“საბაჟო-გამშვებ პუნქტში პირველ ეტაპზე, სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის საფუძველზე, დაახლოებით 70 პირი (მებაჟე-ოფიცრები, ფოტოსანიტარიული და ვეტერინარული სამსახური, დამხმარე პერსონალი, მოიჯარეები) დასაქმდა, მათგან 80-85% ადგილობრივი მცხოვრებია. საბაჟო გამშვები პუნქტის “კარწახის“ მშენებლობისა და აღჭურვის საერთო ღირებულებამ 11 532 940 ლარი შეადგინა. პროექტის დაწყებიდან დღემდე, სამშენებლო სამუშაოებში 200-მდე მოქალაქე დასაქმდა, აქედან 40-50 მოქალაქე ადგილობრივი მცხოვრებია“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
დღესვე, საქართველო-თურქეთის მიმართულებით და პირიქით საზღვარი გადაკვეთეს როგორც ფიზიკურმა პირებმა, ასევე სატვირთო ავტომობილებმა.