ისრაელის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის პატივსაცემად სახელმწიფო სადილი გამართა

0
884

ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის პატივსაცემად სახელმწიფო სადილი გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს და მის მეუღლეს ნეჩამა რივლინს მოწვევისა და გულითადი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.
მათივე ინფორმაციით, ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა ოფიციალური სადღეგრძელო შესვეს და ორი ქვეყნის 26 საუკუნოვან მეგობრობაზე გაამახვილეს ყურადღება.
“მე დღეს ვიმყოფები ხალხთან, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს თავისუფლებისათვის, სახელმწიფოებრიობისა და მშვიდობისათვის ბრძოლა. მე ვიმყოფები ქალაქში, რომელიც განსხვავებულ კულტურათა და ცივილიზაციათა შერწყმის განსაკუთრებული მაგალთია. მე ვიმყოფები იმ წმინდა მიწაზე, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის უნიკალურ სულიერ საგანძურს წარმოადგენს და რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურ სადილზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ებრაელ და ქართველ ხალხების მეგობრობა ჩვენი ერების საერთო ღირებულებებმა შექმნეს.
“ისრაელიც და საქართველოც დამსახურებულად ამაყობენ საკუთარი ისტორიით, ტრადიციებითა და იმ დიდი კულტურული საგანძურით, რომელიც ჰუმანიზმისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მატარებელია. ეს ყოველივე ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მტკიცე საძირკველს ქმნის.
ისრაელის სახელმწიფო საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა კიდევ უფრო გავაღრმავოთ არსებული კავშირ-ურთიერთობები და თანამშრომლობის თვისობრივად უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრები ძლიერი იმპულსი იქნება იმისათვის, რომ ჩვენმა თანამშრომლობამ შესაძლებლობების მთელი პოტენციალი მოიცვას”, – აღნიშნა ოფიციალურ სადღეგრძელოში საქართველოს პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, რუვლენ რივლინმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელმა არ უნდა დაივიწყოს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა საერთაშორისო დიპლომატიაში. მისი განცხადებით, ისრაელმა არაერთხელ გამოხატა ნათელი მხარდაჭერა საქართველოს განვითარებისა და კეთილდღეობისადმი.
“ეს არის პროდუქტიული და დამაიმედებელი თანამშრომლობა – პარტნიორობა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენი შვილების მომავალთან,”- აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტი ისრაელში დღეს დასრულდება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here