დავით ბაქრაძე რუმინეთში შეხვედრებს მართავს

0
892

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბოგდან აურესკუსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
უწყების ცნობით, შეხვედრა რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო როგორც ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხებს, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებს.
ბოგდან აურესკუმ რუმინეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიწრაფებების ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს დაფიქსირებული პროგრესის აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ბოგდან აურესკუმ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.
“საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იმსახურებს ნატო-ს წევრობას, ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც კარი უნდა იყოს ღია”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუმინეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერის, ასევე, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიაში რუმინეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.
დღესვე სახელმწიფო მინისტრი რუმინეთის სენატის საგარეო პოლიტიკის კომისიის პრეზიდენტს პეტრუ ფილიპსა და სენატის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-რუმინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე რუმინეთის სენატის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი და გამოითქვა მზაობა, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმების მიმდინარეობის პროცესში ექსპერტული დახმარების თაობაზე.
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატაში გამართული კონფერენციის მუშაობაში თემაზე: “ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოება, გამოწვევები და შესაძლებლობები” (EU/NATO Enlargment, Challenges and Opportunities). კონფერენციის მუშაობაში, რომელიც წამყვანი რუმინული არასამთავრობო ორგანიზაციის – “დემოკრატიის განხორციელების ასოციაცია” და რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, აკადემიური წრეებისა და ქ. ბუქარესტში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს. დავით ბაქრაძემ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here